logo
ENG



ცოცხალი ჯაჭვი ლიეტუვას საელჩოდან ბელარუსის საელჩომდე - შეცვალემ აქცია-პერფორმანსი გამართა

23 აგვ 202018:31
3 წუთის საკითხავი
 
gs75b6yxr8ebym7.jpg

თბილისში მოძრაობა "შეცვალემ" ბელარუსი ხალხის მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი გამართა.

აქციის მონაწილეებმა ლიეტუვის საელჩოდან ბელარუსის საელჩომდე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

თავისუფლებისა და სოლიდარობის ცოცხალი ჯაჭვი დღეს მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში მოაწყვეს და ამით ბელარუსში საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ამავე შინაარსის აქცია იგეგმება დღეს ვილნიუსიდან ლიეტუვა-ბელარუსის საზღვრამდე. მოქალაქეები 40-კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვის შეკვრას გეგმავენ.

ცნობისთვის, ბელარუსის დედაქალაქ მინსკსა და სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქცია იწყება. Tut.by-ს ინფორმაციით, მინსკის ქუჩებში 100 ათასზე მეტი ადამიანია გამოსული. ისინი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მასში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც მონაწილეობდა. აღსანშნავია, რომ ეს ლუკაშენკოს რიგით მე-6 საპრეზიდენტო არჩევნებია. მისი მთავარი ოპონენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია იყო.

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ს მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება. მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. სულ ანტისამთავრობო აქციებზე 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 ათასი ადამიანი დააკავეს. 

16 აგვისტოს, მინსკში მასშტაბური თავისუფლების მარში გაიმართა, რომელშიც 200 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. 

თავის მხრივ ევროკავშირი და დასავლეთი ბელარუს ხალხს მხარს უჭერს და სანქციების დაწესებას განიხილავს. ევროკავშირმა სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა და ე.წ. შავი სია, აგვისტოს ბოლოს შემუშავდება. 


close დახურვა